ნიკოლოზ სამხარაძე - ჩინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ ურყევი პირობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მათი მხრიდან მუდმივად მხარდაჭერილი იქნება
ჩინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ ურყევი მხარდაჭერის პირობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მათი მხრიდან მუდმივად მხარდაჭერილი იქნება, „დღეს დაიწყო ჩვენი დელეგაციის ვიზიტი პეკინში, გვქონდა შეხვედრები მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობის ხელმძღვანელთან და ამ ვიზიტის მთავარი ამოცანა არის საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთში განაცხადა.
ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
„იცით, რომ ჩინეთი არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, დღეს შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ამ თემაზე და ჩინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ ურყევი მხარდაჭერის პირობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩინეთის მხრიდან იქნება მუდმივად მხარდაჭერილი. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, შუა დერეფნის განვითარება, როგორც ყველაზე მოკლე მარშრუტი ჩინეთიდან ევროპაში და ევროპიდან ჩინეთში ტვირთების გადაზიდვისა, სადაც საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე, გვქონდა საუბარი ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, უსაფრთხოების გამოწვევებზე როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე ახლო აღმოსავლეთში, აზიაში და ა.შ. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. ჩვენი ვიზიტი გრძელდება. გვექნება შეხვედრები ვაჭრობის მინისტრთან, ასევე შევხვდებით ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელობას და აქაც გვექნება საუბრები ორმხრივი ინტერესის სფეროებზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ჩინეთში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება.