ნიკოლოზ სამხარაძე ჩილეს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე ჩილეს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჩილეს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ვლადო მიროსევიჩ ვერდუგოს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გავლენაზე საქართველოსა და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.

ასევე, შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და საპარლამენტო გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.

„აღსანიშნავია, რომ ჩილეში მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და ჩილეს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე დაინტერესდა იმ გამოცდილებით, რომელიც საქართველოს აქვს საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის კუთხით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

ჩილეში ვიზიტის ფარგლებში, ჩილეს დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ნიკოლოზ სამხარაძის მოსმენა გაიმართა, სადაც ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ხაზი გაუსვა საგადასახადო და ბიზნესის წარმოების, ასევე სამოქალაქო სერვისების განვითარების სფეროში ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებს.

„კომიტეტის სხდომაზე სხვადასხვა პარტიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩილე, რომელიც მხარს უჭერს გაერო-ში საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციებს, მომავალშიც გააგრძელებს ამ მხარდაჭერას და საქართველოს უნდა ჰქონდეს ჩილეს იმედი, რადგან ის იქნება მყარი, საიმედო პარტნიორი სამხრეთ ამერიკაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.