ნიკოლოზ სამხარაძე - ბოლო რამდენიმე თვეა, ვმუშაობთ ევროპის დედაქალაქებში, სწორედ იმ ადგილას, სადაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, შესაბამისად, კრიტიკას ვერ მივიღებთ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საპარლამენტო გუნდი ბოლო რამდენიმე თვეა, ევროპის დედაქალაქებში მუშაობს, ვიზიტები გრძელდება და ამ მიმართულებით პრეზიდენტის კრიტიკას ვერ მიიღებს.
ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ იმუშავეს იმ ადამიანებთანაც, რომლებმაც ევროპარლამენტის რეზოლუცია დააინიცირეს და ამბობს, რომ მათ საქართველოში არსებული ობიექტური რეალობა კარგად იციან.
„ბოლო რამდენიმე თვეა, ვმუშაობთ ევროპის დედაქალაქებში, სწორედ იმ ადგილას, სადაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. საპარლამენტო გუნდი დედაქალაქებში ამ ვიზიტებს აგრძელებს. შესაბამისად, ვერ მივიღებთ იმ კრიტიკას, რომ დედაქალაქებთან არ ვმუშაობთ. რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით იმ ადამიანებთან, ვინც ეს რეზოლუცია დააინიცირა. მათ ძალიან კარგად იციან ის ობიექტური რეალობა, რაც საქართველოშია, თუმცა მათი მიზანი იყო დამაზიანებელი რეზოლუციის მიღება და კითხვები უნდა დაისვას არა საგარეო გუნდის ან საელჩოს მუშაობასთან, არამედ უშუალოდ იმ ადამიანთა მოტივაციაზე, ვინც ეს რეზოლუცია დააინიცირა და მასში ფაქტობრივი უზუსტობები ჩაწერა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიზიტის დროს „ბრიუსელში გაფუჭებული საქმე დახვდა“, რაც გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით, პირველი კი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია. ზურაბიშვილის თქმით, არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ რეზოლუციის მომზადებაში, ამავდროულად, ოპოზიცია მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მთავრობას არ ჩაუტარებია ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა. ამასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნებისა და კოვიდის შემსუბუქების შემდგომ, არ ყოფილა ხელისუფლების, მთავრობის მხრიდან მაღალი დონის ვიზიტები რომელიმე წამყვან ევროპულ ქვეყანაში.