ნიკოლოზ სამხარაძე - ბაჩიაშვილს აქამდე თუ ჰქონდა ინფორმაცია, რატომ არ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს ან საჯაროდ არ თქვა? ეს ყველაფერი წინასაარჩევნო თაღლითობას ჰგავს
გიორგი ბაჩიაშვილს ინფორმაცია თუ ჰქონდა, რატომ არ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს ან საჯაროდ რატომ არ თქვა? ეს ყველაფერი წინასაარჩევნო თაღლითობას ჰგავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ბაჩიაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბრალდებები საფუძველს მოკლებულია და წინასაარჩევნოდ არის განკუთვნილი.
„ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ არის განკუთვნილი და ყველანაირ საფუძველს მოკლებულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე აღმოჩნდება გიორგი ბაჩიაშვილი ოპოზიციურ ტელეარხზე, გააჟღერებს რაღაც ბრალდებებს. მას აქამდე თუ ჰქონდა ინფორმაცია, მაშინ რატომ არ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს? საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვა თუ არ უნდოდა, მაშინ საჯაროდ რატომ არ თქვა ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი წინასაარჩევნო თაღლითობას ჰგავს და მეტს არაფერს“, – განაცხადა ნიკოლოს სამხარაძემ.
დღეს თანაინვესტირების ფონდმა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის, დავით გალუაშვილის განცხადება გაავრცელა, სადაც გულუაშვილი ამბობს: „გავეცანი „ტვ პირველზე“ გასულ გადაცემას – „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს გარკვეულ ციფრებზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს „მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი და მიანიშნებს, თითქოს ბატონი ბიძინა პოლიტიკურ და ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული. ბაჩიაშვილისთვის თუ ცნობილი იყო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს ამას არჩევნების წინ, ჩნდება ეჭვი, რომ ხდება თემების პოლიტიზება“.
ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას აბსურდული უწოდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ: „მასშტაბური დანაშაულის შესახებ თუ ჰქონდა ინფორმაცია, რატომ აქამდე არ გაამჟღავნა? მისი მიზანია, ზიანი მიაყენოს ჩემი მარწმუნებლის საქმიანობას“.