ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს, ლორა კუპერს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. ხაზი გაესვა არსებული თანამშრომლობის დინამიკას და აშშ-ის საკვანძო როლს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში.
მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მომდინარე საფრთხეები, ნატო-ს ვაშინგტონის სამიტი და შავი ზღვის უსაფრთხოებაში აშშ-ის ჩართულობის გაძლიერების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას და ევროპულ უსაფრთხოებაში საქართველოს როლის მნიშვნელობას.
საუბრისას ლორა კუპერმა მადლიერება გამოხატა საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი თავდაცვის კოდექსის მიღების გამო და კმაყოფილებით აღნიშნა საქართველო-აშშ-ის თავდაცვის ურთიერთობების დინამიკა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზე იმყოფება.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.