ნიკოლოზ სამხარაძე - არ უნდა გვიკვირდეს, რომ რუსეთის ოფიციალური წრეები ნებისმიერ ფაქტს იყენებენ, რათა საქართველოს იმიჯი დააზარალონ
არ უნდა გვიკვირდეს, რომ რუსეთის ოფიციალური წრეები ნებისმიერ ფაქტს იყენებენ, რათა საქართველოს იმიჯი დააზარალონ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუსეთის დუმის სპიკერის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
სამხარაძის თქმით, ისეთ მოვლენებს, რომელიც ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობისას განვითარდა, რუსეთის ხელისუფლება ანტიქართული ისტერიის გასაღვივებლად იყენებს.
„ყოველ ჯერზე, როცა ასეთი რამე ხდება, რუსეთის ხელისუფლება ამას იყენებს ანტიქართული ისტერიის გასაღვივებლად. ეს განცხადებები მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება რუსი ტურისტების ჩამოსვლას, იმედია, პანდემია იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ზაფხულში ტურისტები მივიღოთ, რადგან იცით, რომ ეს დარგი ყველაზე მეტად დაზარალდა საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენი ეკონომიკის გასაჯანსაღებლად საჭიროა ტურისტები ჩამოვიდნენ. სამწუხარო მოვლენას ჰქონდა ადგილი. არ უნდა გვიკვირდეს ის, რომ რუსეთის ოფიციალური წრეები ნებისმიერ ფაქტს იყენებენ, რათა დააზარალონ საქართველოს იმიჯი, ჩვენი ქვეყანა გააკრიტიკონ და შექმნან არასტაბილურობის განცდა. ამას მიჩვეული ვართ და სიახლე არ არის საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობისას განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონის წინა პერიოდში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად სახიფათოა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნა.