ნიკოლოზ სამხარაძე - არ მგონია, ადგილობრივ არჩევნებში გახარიამ იმდენი ხმა მოაგროვოს, რომ მასთან სადმე კოალიცია გახდეს საჭირო
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებდე დიდი დროა და ნაადრევია საუბარი, ვინ რამდენ პროცენტს აიღებს და ვის ვისთან დასჭირდება კოალიცია.
„არ მგონია, ადგილობრივ არჩევნებში გიორგი გახარიამ იმდენი ხმა მოაგროვოს, რომ მასთან სადმე კოალიცია გახდეს საჭირო. გახარია ეცდება, „ქართულ ოცნებას“ ხმები წაგლიჯოს და „ქართული ოცნების“ ხმებზე იმუშაოს. ამიტომ მისთვის ტაქტიკურად „ქართული ოცნების“ ან ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა მომგებიანი არ იქნება. ეს არის ტაქტიკა, რასაც ის სავარაუდოდ გამოიყენებს, რადგან ახალი პარტიის წარმომადგენელია და საზოგადოების მხარდაჭერა მას აუცილებლად დასჭირდება. გიორგი გახარია „ქართული ოცნება 2“ ვერ იქნება, რადგან ის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყო და თუ მას „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა უნდოდა, ამას არავინ უშლიდა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.