ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკელ კონგრესმენებთან, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან: ტომ კეინთან, კიტ სელფთან, უილიამ კიტინგთან და ჯიმ კოსტასთან.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობები და მათი გაღრმავების შესაძლებლობები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში საქართველოს მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის რეგიონში აშშ-ის ჩართულობის აუცილებლობას და შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.