ნიკოლოზ სამხარაძე - აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ახალ მიდგომებს საჭიროებს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენცია „ფორუმი 2000“-ის პანელზე – „აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ“.
ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ევროკავშირის წევრობის გზა აირჩიეს. მან ხაზი გაუსვა, რომ არსებულ პირობებში, როდესაც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ უკვე მიიღეს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა და გაწერილი პირობები, აღმოსავლეთ პარტნიორობა გადახედვას საჭიროებს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა საჭიროებს გადახედვას და ახალი იდეების გენერირებას. საქართველო მიიჩნევს, რომ მისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მთავარი პლატფორმა არის ასოცირების ხელშეკრულება და ის რეკომენდაციები, რომლებიც მიღებული აქვს ქვეყანას. აღმოსავლეთ პარტნიორობა ამ შემთხვევაში არ არის რელევანტური. თუმცა, ის რელევანტური რჩება ევროკავშირისთვის, რომ მას ჰქონდეს ურთიერთობები სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მათ შორის ჩვენს რეგიონში, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რა თქმა უნდა, იმის თქმა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა მკვდარია, არ იქნება სწორი, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ ის საჭიროებს ახალ მიდგომებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის წარმომადგენლებმა.
„ფორუმი 2000-ის“ 26-ე ყოველწლიური კონფერენციაში, რომელსაც პრაღა მასპინძლობს, ევროკავშირის საგარეო მინისტრებთან ერთად, ევროპარლამენტარები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.