ნიკოლოზ სამხარაძე - ადამიანები ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნის გამოყენებით ისე იქცევიან, არა თუ ევროკავშირში მიგვიღებენ, დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ, მადლობა უნდა ვთქვათ
ძალიან მძიმე შესაჯამებელია, რაც დღეს აქ მოხდა, როდესაც ადამიანები ევროკავშირის სახელით და ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნის გამოყენებით ისე იქცევიან, რომ არათუ ევროკავშირში მიგვიღებენ ასეთი ქცევით, როდესაც ასეთი პარლამენტის წევრები გვყავს, საერთოდ დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს თანადედამიწელებს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის სხდომის დასასრულებისას განაცხადა.
„ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გავმართეთ კონსტრუქციული მსჯელობა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კონსტრუქციული მსჯელობა გავმართეთ მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. როდესაც ეს კონსტრუქციული მსჯელობა იმართებოდა, არცერთი ოპოზიციონერი დარბაზში აღარ იყო. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა ქცევის კულტურა არის ჩვენს ოპოზიციაში და, ზოგადად, რა ღირებულებები აქვთ მათ და რაზე დაყრდნობით მოქმედებენ. სამარცხვინოა მათი ქმედება. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ამ ქვეყანას აქვს კანონები და ამ ქვეყანას ჰყავს არჩეული პარლამენტი. ვერავინ, მით უმეტეს, მათნაირი უვიცები და უინტელექტო ადამიანები, ვერასოდეს ვერ შეძლებს, რომ კომიტეტის სხდომა ჩაშალოს ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედება განახორციელოს პარლამენტში. ეს არის გამორიცხული. ამის გარანტები ვართ ჩვენ, დეპუტატები, რომლებიც აგვირჩია ქართველმა ხალხმა. შესაბამისად, ეს ყველამ ძალიან კარგად გაითავისოს და სამომავლოდ ჰქონდეთ, როგორც მაგალითი“,- განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, „ოპოზიციონერები, რომლებიც სიძულვილის ენით გამოირჩევიან ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, არამარტო კოლეგა დეპუტატების, არამედ ამომრჩევლების მიმართ, ეს ადამიანები წუხან, რომ ვინმეს სტიგმატიზებაზე შეიძლება, საუბარი იყოს“. როგორც სამხარაძემ განაცხადა, ამ წუხილის მათ არ სჯერათ.
„არ გვჯერა ჩვენ ამ წუხილის, რადგან ისინი არიან პირველი წამომწყებები ამ სტიგმატიზაციის და სტიგმების, იარლიყების მიკერების ადამიანებზე.
თუმცა მე აქვე მინდა, დაგიდასტუროთ ყველას, ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენ ყველა ზომას გავატარებთ, რათა არავის არანაირი იარლიყი არ მიეკეროს. მით უმეტეს, ჩვენს მოქალაქეებს, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის. სწორედ ამ მოქალაქეებმა გამოგვგზავნეს ამ დარბაზში და აგვირჩიეს ოთხი წლით. გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი ტიპის იარლიყების მიკერება ამ კანონით იქნება შეუძლებელი. ეს კანონი საბოლოო სახეს როცა მიიღებს, ვერანაირ, ვერც ფიზიკირ პირს და ვერც ვერავის, ვერავინ იარლიყს ვერ მიაკერებს. ეს არის აქ მთავარი ამოსავალი წერტილი“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სამხარაძის თქმით, კომიტეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების პრინციპს.
„ამაზე, მგონი, თავდაცვის კომიეტეტიც შემოგვიერთდება და ასევე შევიტანოთ დასკვნაში, რომ იმ ტერმინებს, რომლებიც არის მოცემულ კანონპროექტში, სჭირდება გადახედვა და შემდგომი დისკუსია. შესაბამისად, ამ პირობით ჩვენ გადავეცით ეს საკითხი წამყვან კომიტეტს. მინდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს გთხოვოთ მხარდაჭერა ამ საკითხზე, რომ ეს საკითხი გადაეცეს უკვე განსახილველად იურიდიულ კომიტეტს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.