ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ 2023 წლის მარტში საქართველოს ბუნდესტაგის დელეგაცია ეწვევა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ბერლინში შეხვედრებს მართავს. დელეგაცია ბუნდესტაგში სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავარი საკითხი შეეხებოდა რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, გადაწყდა, რომ მომავალი წლის მარტში საქართველოს ბუნდესტაგის დელეგაცია ეწვევა.
„განვიხილეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ასევე ნატო-ს გაფართოების თემა, სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ძალიან საინტერესო, სიღრმისეული დისკუსია იყო. ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს რეგიონს, შესაბამისად, მათ აინტერესებდათ ჩვენი ხედვა. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და რუსეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. შევთანხმდით, რომ მომავალი წლის მარტში ბუნდესტაგის დელეგაცია ეწვევა საქართველოს, რათა ადგილზე გაეცნონ ვითარებას როგორც უსაფრთხოების, ისე იმ რეფორმების კუთხით, რომელსაც საქართველო ახორციელებს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან: ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე.