ნიკოლოზ სამხარაძე - 2024 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულების სამ მეოთხედს ხარისხიანად თუ შევასრულებთ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს გავაკეთებთ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მოსაზრებით, საქართველოს მიერ 2024 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულების დაახლოებით, სამი მეოთხედი შესრულებული იქნება და თუ ქვეყანა ამას ხარისხიანად გააკეთებს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას შეძლებს.
საქართველოს პირველ არხთან საუბარში ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის მიერ საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით დამტკიცებულ რეზოლუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის გაკეთება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„ეს აღარ არის მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება, ეს პარლამენტის რეზოლუციაში აისახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ხელისუფლების ამოცანა და პარლამენტის დავალება მთავრობის მიმართ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გააგრძელოს, რასაც ძალიან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დასჭირდება. დაგეგმილი გვაქვს, რომ 2024 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულების დაახლოებით, სამი მეოთხედი შესრულებული იქნება. თუ ამას ეფექტიანად და ხარისხიანად გავაკეთებთ, რისი დიდი იმედიც მაქვს, წელში გამართულები ვიქნებით და 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას შევძლებთ. განაცხადის გაკეთება წელსაც შეგვიძლია, მაგრამ ეს საფუძვლიანი და დასაბუთებული უნდა იყოს, რათა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადი მიიღონ და ინტეგრაციის პროცესი დაიწყოს. ამ განაცხადის გაკეთებამდე ის რეფორმები უნდა გავატაროთ, რაც საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ აქცევს, რათა პრეტენზია გვქონდეს ევროკავშირი წევრობაზე“, – აცხადებს სამხარაძე.
კანონმდებელი განმარტავს, რომ ასოცირების ხელშეკრულების უმეტესი ნაწილის შესასრულებლად სექტორული რეფორმებია გასატარებელი, მათ შორის ენერგეტიკაში, გარემოს დაცვაში, ვაჭრობასა და ტრანსპორტში.
„ეს უფრო მეტად ეკონომიკურ საკითხებს ეხება. რეფორმებია განსახორციელებელი, რათა სამი მეოთხედი იყოს შესრულებული. სექტორული ინტეგრაცია იმის საფუძველს გაძლევს, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთო. ამ თვალსაზრისით ნატო-სთან მიმართებაში ბევრად უფრო წინ ვართ, რადგან ნატო-სთან თავსებადობა თითქმის მიღწეულია. რამდენიმე მცირე ნაბიჯი გვაკლია და დარწმუნებული ვარ, რომ 2021-2022 წლებში ნატო-სთან სრულიად თავსებადი ვიქნებით. შესაბამისად, ხელისუფლებამ რეზოლუციით უნდა უზრუნველყოს სტრატეგიული მზადყოფნა ნატო-ში წევრობისთვის. როცა ფანჯარა გაიხსნება და ნატო-ს პოლიტიკური ნება იქნება, გაწევრიანებისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნავს დეპუტატი.
ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძე ყურადღებას ამახვილებს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზე, მათ შორის რუსეთთან მიმართებით რეზოლუციაში არსებულ ჩანაწერებზე.
„ჩვენი ნომერ პირველი პრობლემა რუსეთის ფედერაციაა. წინა რეზოლუციებისგან განსხვავებით, ერთ-ერთი ახალი თავი, რომელიც ამ რეზოლუციაში გამოჩნდა, სწორედ საერთაშორისო დავებია. რატომ არის დავები მნიშვნელოვანი? ამით საქართველო ერთი მხრივ, საკუთარი მოქალაქეების გათელილი უფლებების აღდგენაზე ზრუნავს და მეორე მხრივ, საერთაშორისო სამართალი ისედაც ჩვენ მხარესაა, მაგრამ ამით კიდევ უფრო გავამყარებთ არგუმენტებს იმაზე, რომ 2008 წელს რუსეთი უკანონოდ მოიქცა, მოახდინა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, აღიარა მათი ე.წ. დამოუკიდებლობა.
რაც შეეხება მავთულხლართებსა და დეოკუპაციის პროცესს, ეს ძალიან რთული პროცესია. რამდენიმე თვეში, ალბათ, „გარღვევა“ არ გვექნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მიზანმიმართულად, მეთოდურად ვიმუშაოთ და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა გვქონდეს იმის გათვალისწინებით, რომ რაღაც ეტაპზე გარდატეხა აუცილებლად მოხდება. როცა მთელი მსოფლიო და საერთაშორისო სამართალი შენს მხარეზეა, რა თქმა უნდა, მას ხელშესახები შედეგები მოჰყვება. ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა მშვიდობიანი გზით და მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით. რეზოლუციაში მკაფიოდ წერია, რომ მნიშვნელოვანია, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ღირსეული დაბრუნება“, – დასძინა სამხარაძემ.
პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია 25 დეკემბერს დაამტკიცა, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელ პრიორიტეტებს განსაზღვრავს.