ნიკოლოზ მჭედლიშვილი - მთავრობის ჩარევამ, ბიზნესის დახმარების პროგრამებმა და სოციალურმა პაკეტმა პანდემიით გამოწვეული ზარალი საკმაოდ ეფექტურად შეამსუბუქა
ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით, 2020 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი, რაც გამოწვეულია გლობალური პანდემიით. მთავრობის ჩარევამ, ბიზნესის დახმარების პროგრამებმა და სოციალურმა პაკეტმა, პანდემიით გამოწვეული ზარალი საკმაოდ ეფექტურად შეამსუბუქა და წლის ბოლოს, ყველა მოლოდინით, ქართული ეკონომიკა უფრო ნაკლები ზარალით გამოვა, ვიდრე ევროპული ეკონომიკების უმრავლესობა, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი აცხადებს, რომელიც ეხმაურება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ანგარიშს 2020 წელს განხორციელებული ეკონომიკური ტენდენციებისა და ანტიპანდემიური, ასევე ანტიკრიზისული ღონისძიებების შესახებ.
აღნიშნული კომენტარი ექსპერტმა „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა. ნიკოლოზ მჭედლიშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, განხორციელდა საკარანტინო სივრცეების მოწყობა. ამ დროისთვის, სპეციალურად გადამზადებული სასტუმროს პერსონალი მოემსახურა 133,767 ადამიანს.
ექსპერტის განმარტებით, შეიქმნა და ამუშავდა ელექტრონული მართვის რამდენიმე პლატფორმა, მათ შორის, ბიზნეს ვიზიტორების მართვის, ნაცვალგების შეთანხმების ქვეყნებიდან ვიზიტორთა წინასწარი რეგისტრაციის და პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ ელექტრონული პლატფორმები.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის ფონზე „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსდა 78 ახალი პროექტი, დამტკიცებული სესხების მოცულობამ 96 მლნ ლარი, ხოლო ჯამურმა ინვესტიციამ 161 მლნ ლარი შეადგინა. მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდე გაიზარდა. საკრედიტო – საგარანტიო სქემის ფარგლებში შემოვიდა 121 პროექტი, ხოლო გარანტირებული სესხების მოცულობა 77,5 მლნ ლარია. თანადაფინანსების მექანიზმით მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის დაფინანსდა 2199 პროექტი, ხოლო სუბსიდიის მოცულობამ შეადგინა 31 მლნ ლარი. სახელმწიფო პროგრამით „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ დამტკიცდა 6317 სესხი 614 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო ტურისტული კომპანიებისთვის საბანკო გარანტიის სუბსიდირების მექანიზმით ისარგებლა 33-მა ბენეფიციარმა, ხოლო გაცემული სუბსიდია 244 ათას ლარს შეადგენს.
ყოველთვის მსიამოვნებს ინფრასტუქტურულ პროექტებზე საუბარი. პანდემიის მიუხედავად, წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები. მათ შორის, გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირდა 171 დასახლება და 32,293 ოჯახი; დასრულების ფაზაშია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოება; ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან სტარტი აიღო ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პროგრამამ, რომელიც Log in Georgia – ს პროექტის ფარგლებში განხორციელდება და რომელიც საქართველოს 1000-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს შეეხება და მსოფლიო ბანკის პარტნიორობით ხორციელდება,“ – აცხადებს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.