ნიკოლოზ გაგუა - სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021-2025 წლებში 5,5 პროცენტით გაიზრდება, ეს მაჩვენებელი იქნება ყველაზე მაღალი მთელ ევროპაში
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიმდინარე წელს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რაც იძლევა გარანტიას, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა ეჭვქვეშ არ დგას, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.
ნიკოლოზ გაგუა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს გამოეხმაურა.
„სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა მორიგი მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა, სადაც ხაზგასმულია ეკონომიკური დინამიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს ფარგლებში 2021-2025 წლებში აშკარად დადებითი დინამიკა გამოიკვეთა. კონკრეტულად, საქართველოს ეკონომიკა ამ პერიოდში 5,5 პროცენტით გაიზრდება და ეს მაჩვენებელი იქნება ყველაზე მაღალი არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. ეკონომიკური გამოცოცხლების მიზეზებად შეიძლება ჩამოვთვალოთ მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკმაოდ მაღალი ტემპი. გაგრძელდება პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპისთვის. ასევე, მიმდინარე წელს შევინარჩუნეთ და გავაძლიერეთ რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, რომლებიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას უნდა მიეხმაროს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან 2020 წელს მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა ეჭვქვეშ არ დგას. ეს დადასტურებულია როგორც სავალუტო ფონდის, ასევე საკრედიტო რეიტინგის ორგანიზაციის შეფასებებში“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის
პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა ხუთი პროცენტით გაიზრდება. ფინანსთა სამინისტროში
აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზრდება.