ნიკოლოზ გაგუა - 2025 წლიდან საპენსიო სისტემაში, აქტივების მართვაში დაშვებული იქნებიან კერძო აქტივების მმართველები
2025 წლიდან საპენსიო სისტემაში, აქტივების მართვაში დაშვებული იქნებიან კერძო აქტივების მმართველები, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნულ ბანკში ელოდებიან როგორც ადგილობრივ კერძო აქტივების მმართველებს, ისე უცხოურ კერძო აქტივების მმართველ კომპანიებს.
„მინდა, ხაზი გავუსვა იმას, თუ როგორ ვაპირებთ დამოუკიდებელი აქტივების მართვის კიდევ უფრო გაძლიერებას მომავალში. 2025 წლიდან, ანუ დაახლოებით ერთ წელში საპენსიო სისტემაში, აქტივების მართვაში დაშვებული იქნებიან კერძო აქტივების მმართველები და, საინვესტიციო საბჭოსთან ერთად, კერძო აქტივების მმართველები განახორციელებენ აქტივების მართვას, ხოლო თითოეულ მონაწილეს ექნება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რომელი და როგორი აქტივების მართვა სურს მას. ეს იქნება სრულად თავისუფალ არჩევანზე დამყარებული სისტემა და მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს თავის საინვესტიციო გადაწყვეტილებას.
გარე მმართველების აქტივების დაშვებას კანონი ასე განსაზღვრავს – ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს უფლება. ბუნებრივია, ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას საინვესტიციო აქტივების მმართველის გამოცდილებას, მის შესაძლებლობას, რომ ეფექტურად მართოს აქტივები. დაინტერესებულ პირებს მოვუწოდებ, აქტიური კომუნიკაცია განახორციელონ ეროვნულ ბანკთან. არიან ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით. აქტივების მმართველის შერჩევა იქნება საკმაოდ კონსერვატიული. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, შემოვიყვანოთ ისეთი კრიტერიუმის მმართველები, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება. ჩვენ ველოდებით ადგილობრივ კერძო აქტივების მმართველებსაც, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო მეტად უცხოური კერძო აქტივების მმართველი კომპანიები დაინტერესდებიან“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.