მეგობარს და პარტნიორს ასე არ ესაუბრებიან, როგორი რიტორიკითაც ჩვენ გვესაუბრებიან, – განაცხადა მსახიობმა ნიკოლოზ გაბელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ეს არის წარმოუდგენელი რამ. ნებისმიერი ქართველი არის ამაყი. ასეთი ერი ვართ, ასე გავიზარდეთ და ეს დნმ-ში გვაქვს. მეცნიერები ამას მცირე ერის სინდრომს უწოდებენ და საუბრობენ ამაზე, რომ მცირე ერს აქვს თვითგადარჩენის ინსტიქტი, რაც შეიძლება ხმამაღლა იყვიროს, ჩვენ აქ ვართო. ვყვირით ჩვენც და საკმაოდ ხმამაღლაც. როდესაც შენ გეუბნებიან, გინდა თუ არა გააჩერე ეს არადემოკრატიული სვლა, მე კი ვიზალიბერალიზაციას მოგცემ, თავისუფალ ვაჭრობას და ასე შემდეგო, ჩვენ უნდა ვთქვათ, კარგი, მაშინ გავიტანთ ამას, აღარ ვართ არადემოკრატები და აწი დემოკრატიულ გზაზე ვივლითო?
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არცერთს არ უთქვამს, აი, მიშა რომ იმას აკეთებს, ნუ გააკეთებსო. პირიქით, არჩევნები იყო და სპეცრაზმი შერბოდა და ისე გამოჰქონდათ ყუთები, იქ იყო და ხალხი ჩუმად ლაპარაკობდა, რადგან თუ ვინმე რაღაც ზედმეტს იტყოდა, მაშინვე ციხეში მიაქანებდნენ. ოჯახი არ იყო, სადაც ერთი კაცი მაინც არ იყო დაჭერილი და ასეთ ქვეყანაზე მეუბნებოდნენ, დემოკრატიის შუქურააო. ჩვენ მაშინაც ვყვიროდით და ხმამაღლა ვიძახდით რაღაცებს, მაგრამ არ გვისმენდნენ, რადგან არ აინტერესებდათ. როცა მეგობარი ხარ და გინდა, შენს მეგობართან მშვიდობა იყოს, იქ კი არ გავაღვივებ სიტუაციას, პირიქით, დავამშვიდებ, მაგრამ, როგორც ჩანს, არ უნდა აშშ-ის ამ ადმინისტრაციას“, – განაცხადა გაბელიამ.
მსახიობმა საქართველოში ჩამოსული დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლებიც შემდეგ საპროტესტო აქციაზეც მივიდნენ და აღნიშნა, რომ ეს აღმაშფოთებელი იყო.
„ეს დასავლელი პოლიტიკოსები რომ ჩამოვიდნენ და აქციაზე მივიდნენ, მათ ზუსტად იცოდნენ, რა შეფასებები მოჰყვებოდა მათ განცხადებებს, რადგან ყველგან რადიკალები არიან, სარწმუნოებაშიც და ლიბერალებშიც. მოსახლეობას თავში აქვს ჩანერგილი და ევროპა უნდა, ჰოდა, ამას რომ უყურებს, იქიდან ჩამოსული ადამიანი რომ ეუბნება, თქვენ ძალიან ხართ ჩამოკიდებული მართლმადიდებლობაზეო, როგორ ფიქრობთ, ხალხი არ გაბრაზდება? ამას გვეუბნები ჩვენ, იმ ქვეყნის შვილებს, რომელსაც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, რაც ჩვენს ცნობიერებაში და გულში ჯვარი გაჩნდა, ხელში გვეჭირა და ამით ვიგერიებდით ევროპისკენ მიმავალ მტერს, ვასუსტებდით და იქ იმდენად ძლიერი ვეღარ მიდიოდა. ასეთ ქვეყანაში რომ მოდიხარ და ასეთ რაღაცას მეუბნები, ხომ იცი, რომ უეჭველად გააბრაზებ აქ ხალხს? ამის გამო ხომ აღშფოთდება ეს ხალხი და რატომ აკეთებ ასეთ განცხადებას, თუ მშვიდობა და სიწყნარე გინდა, თუ გინდა, რომ შევრიგდეთ? ადამიანი რომ დიპლომატი ხარ, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, მიდიხარ აქციაზე და იქ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებ, ამას რა ჰქვია?“ – განაცხადა გაბელიამ.
ნიკოლოზ გაბელიამ ოლივერ ვარჰეის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის აღნიშნავს, რომ მისი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოგლეჯილი და ირაკლი კობახიძესთან საუბრისას სლოვაკეთის ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის მაღალმა დონემ საზოგადოებაში.
„ჩემთვის გაუგებარია, ეს საერთოდ როგორ უნდა უთხრა პრემიერს? როგორ უნდა გაუბედო ეს, შენ ფრთხილად იყავი, იქ არავინ მოგკლასო? ეს როგორ უნდა უთხრა კაცს? მეგობრებს შორისაც კი არ შეიძლება ასეთი რაღაცის თქმა. ამას თუ არ იზამ, ასე იქნებაო, ადამიანს რომ ეუბნები, ის ხომ ყველა ვარიანტში ასე გაიგებს? ასეთი რაღაცის თქმა საერთოდ არ შეიძლება და როცა დიპლომატი ხარ, ისეთი არაფერი არ უნდა თქვა, მე ორაზროვანი პასუხი მქონდეს, ის ვიფიქრო თუ ეს. როცა ასეთ დონეზე საუბრობ, შენი თითოეული სიტყვა უნდა იყოს კონკრეტული და კითხვის ნიშნები არ უნდა რჩებოდეს“, – განაცხადა გაბელიამ.
როგორც ნიკოლოზ გაბელიამ აღნიშნა, შექმნილი დაძაბულობიდან გამოსავალი არის ერთმანეთის მოსმენაში და ერთმანეთის აზრის პატივისცემაში.
„ჩვენ რომ ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი გვაქვს, მე შენთვის არ უნდა ვიყო ვიღაც აგენტი ან რუსეთუმე და ა.შ. მეგობრებს შორისაც კი წარმოიშვა ასეთი რამ და ამაზე ძალიან მწყდება გული. მე საერთოდ არ მაინტერესებს ფეხბურთელი, კალათბურთელი თუ რაგბისტი რა პოლიტიკური ნიშნით ცხოვრობს და არ მაინტერესებს მისი პოლიტიკური გემოვნება. მათ თავიანთი საქმე უნდა გააკეთონ, როგორც მე მაქვს ჩემი საქმე. მე რომ ამ კანონს ვემხრობი, ასეთი აზრი მაქვს და ამის გამო რომ მეჩხუბები, ასე წინ ვერ წავალთ. გაანებე ამ პოლიტიკას თავი საერთოდ, ჩამომართვი ხელი, ჩამეხუტე და ვიქნებით მშვიდად. ერთიანობის გარეშე ისევ იმ ტალახში ვიქნებით, რა ტალახშიც, მაგალითად, 90-იან წლებში აღმოვჩნდით“, – განაცხადა გაბელიამ.