ნიკოლოზ ჩხეტიანი - ქუთაისში ჩვენ თვალწინ თანდათანობით იქმნება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო ჰაბი, ამ პროექტით ჩვენ ვცვლით რეალობას, ვაფართოებთ ჰორიზონტებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი საქველმოქმედო პროექტი საქართველოში, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩხეტიანის თქმით, დღეს ისტორიული დღეა.
„Მახსოვს, 2016 წელს დაიწყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განხორციელება. 2018 წელს ამ ადგილზე, სადაც ადრე გაუვალი ჭაობი იყო, დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, ხოლო 2020 წელს ჩვენ მივიღეთ უკვე პირველი სტუდენტები. დღეს ისტორიული დღეა. დიპლომებს გადავცემთ ჩვენს პირველ კურსდამთავრებულებს. ფონდი „ქართუ“ ასრულებს თავის დანაპირებს. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უპრეცედენტო ისტორიული დონაცია განათლებაში, ერთი მილიარდი ევროს მოცულობით, როგორც გაცხადდა რამდენიმე წლის წინ, გეგმაზომიერად და ეტაპობრივად ხორციელდება. დღეს, შეიძლება ვთქვათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი საქველმოქმედო პროექტი საქართველოში და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი შემთხვევა გახლავთ, როდესაც დაფუძნდა ახალი სახელმწიფო უნივერსისტეტი“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
ამასთან, როგორც ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, ქუთაისის ადრონული ცენტრი ახალ პერსპექტივას გაუხსნის როგორც ქუთაისს, ასევე მთელ რეგიონს.
„ჩვენი უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და მასთან ერთად სთავაზობს თავის სტუდენტებს მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებსა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურას კამპუსის სახით. უნივერსიტეტის ერთ-ერთ უძლიერეს მხარეს წარმოადგენს ქუთაისის ადრონული ცენტრი, რომელიც აღიჭურვება მაღალი ტექნოლოგიების ორი თანამედროვე, ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლით და არა მხოლოდ ქუთაისს და რეგიონს, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, სრულიად ახალი სახით მოახდინოს პოზიციონირება მთელ მსოფლიოში, როგორც მედიცინაში, ასევე ფუნდამენტურ მეცნიერებაში. ეს ცენტრი გაუხსნის ახალ პერსპექტივას როგორც ქუთაისს, ასევე მთელ რეგიონს.
მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის ყველა წევრს, ყველა ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში თავისი დაუღალავი, სისტემატური შრომით ხორცს ასხამს უნივერსიტეტის დიდ იდეას. მადლობას ვუხდი ჩვენს მშენებლებსა და პროექტანტებს. მადლობა უნივერსიტეტის მენეჯმენტსა და აკადემიურ პერსონალს, პროფესორ-მასწავლებლებს. ბუნებრივია, მადლობას ვუხდი ჩვენს სიამაყეს, ჩვენს სტუდენტებს. ქუთაისში ჩვენ თვალწინ თანდათანობით იქმნება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც საშუალებას მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს, მიიღონ მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლება. თამამად შეიძლება გავიმეოროთ ჩვენი უნივერსიტეტის დევიზი, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს. ამ პროექტით ჩვენ ვცვლით რეალობას, ჩვენ ვაფართოებთ ჰორიზონტებს. მჯერა, მოვა დრო, როცა სიამაყით ვეტყვით შვილებს – ჩვენ ვიყავით ამ პროექტის ნაწილი“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.