პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, იქმნება პრეცედენტი – ფუძნდება ახალი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩემი აზრით, ეს ისტორიული მოვლენაა, – ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა ფონდი „ქართუსა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ჩხეტიანმა აღნიშნა, პირველივე დღეებიდან იყო ოპონენტების საყვედურები, რომ სამშენებლო მოედანზე არაფერი ხდებოდა, თუმცა მისი თქმით, უნივერსიტეტის დაფუძნება კომპლექსური საქმეა.
„პირველივე დღიდან ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობდნენ, რომ სამშენებლო მოედანზე არაფერი ხდებაო. ჩვენ მრავალგზის ვცადეთ აგვეხსნა მათთვის, რომ უნივერსიტეტის დაფუძნება ძალზე კომპლექსური საქმეა და მას სწორი დაგეგმვა და ძალიან კარგი მომზადება ესაჭიროება. თუმცა ამაოდ, ტყუილად არ არის ნათქვამი – შეუძლებელია გააღვიძო ის, ვისაც არ სძინავს.
მინდა, ხაზი გავუსვა შემდეგ გარემოებას, რომელიც მე ძალზედ მნიშვნელოვნად მიმაჩნია. პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, იქმნება პრეცედენტი – ფუძნდება ახალი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩემი აზრით, ეს ისტორიული მოვლენაა.
ფონდი „ქართუ“ უდავოდ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ და მსხვილ საქველმოქმედო ორგანიზაციას ძალიან დიდი ისტორიით. 1995 წლიდან, როდესაც ფონდი დაფუძნდა, მას განხორციელებული აქვს უამრავი საქველმოქმედო პროექტი, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 3 მილიარდ დოლარს. მიუხედავად ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული ამაჩქარებლის მეგაპროექტი უმსხვილესია ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის. ფონდი „ქართუს“ ერთადერთი დონორის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებულია ჯამურად 1 მილიარდი ევროს გაღება“, – განაცხადა ჩხეტიანმა.
მისი შეფასებით, ეს არის უპრეცედენტო მოცულობის კერძო ინვესტირება განათლების დარგში, რაც საქართველოში აქამდე არ მომხდარა.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით ფონდი „ქართუს“ მიერ წარმოებული მშენებლობა, ყველაზე დიდი სამშენებლო მოედანია საქართველოში რაც კი ახლა არსებობს და მინდა, გარკვეული ციფრებით გავამყარო ჩემი ეს ნათქვამი. ფონდის მიერ წამოწყებული პროექტი ვითარდება ქუთაისის მახლობლად. სამშენებლო მოედნის ფართობი 153 ჰექტარია, საიდანაც 80 ჰექტარი უჭირავს ენდემური ჯიშებით გაშენებული ტყის მასივს, რომელიც სრულად იქნება შენარჩუნებული ჩვენი საპროექტო ჯგუფის მიერ. ჩვენი უნივერსიტეტის კამპუსი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მწვანე კამპუსი მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის, ამის პირობას ახლავე ვდებთ. ამჟამად მიმდინარეობს და საუბარია მხოლოდ პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის მქონე შენობა-ნაგებობების აგება“, – განაცხადა ჩხეტიანმა.
როგორც მან განმარტა, ამაში შედის სამი სასწავლო კორპუსი, სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი კორპუსი, ცენტრალური ბიბლიოთეკა და მთელი კამპუსისთვის განკუთვნილი სასადილო.
„მეორე ეტაპიდან ამას დაემატება, კიდევ დამატებით ორი სასწავლო კორპუსი,ადრონული ამაჩქარებლის ცენტრი, რომელსაც მოყვება ლაბორატორიები და საუნივერსიტეტო კლინიკა. პარალელურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მისცემს უნივერსიტეტს საშუალებას, სპორტის სხვადასხვა დარგებში გააჩნდეს თავისი გუნდები. იქმნება ნულიდან კამპუსის საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ საგზაო-საავტომობილო გზებს, არამედ ფეხით მოსიარულეთა ზონებს, ველობილიკებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილებს“, – აღნიშნა ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ყველაფერი შენდება გერმანული სტანდარტით და უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს პარტნიორის, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის რჩევა-რეკომენდაციით.
„ერთ-ერთი უნიკალურობა რაც გააჩნია ჩვენს პროექტს, გულისხმობს იმას, რომ ვაშენებთ ერთიან კამპუსს. ეს აბსოლუტურად უნიკალური მოდელია საქართველოში და მსოფლიო მასშტაბითაც. საკმაოდ იშვიათია ისეთი უნივერსიტეტები, რომელთაც აქვს ფუფუნება, რომ უნივერსიტეტის მთელი ინფრასტრუქტურა ერთ ადგილას იყოს თავმოყრილი. ჩვენს უნივერსიტეტს ექნება ძალზედ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა“, – განაცხადა მან.
ნიკოლოზ ჩხეტიანის შეფასებით, მასშტაბისა და მოცულობის პროექტი ახალ შესაძლებლობებს მისცემს რეგიონს და მოსახლეობას შემდგომი წინსვლისთვის და განვითარებისთვის.
მან განმარტა, რომ თითოეულ სტუდენტს, ვინც იცხოვრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, ექნება საკუთარი ინდივიდუალური ბინა საკუთარი სამზარეულოთი და სანიტარული კვანძით.
„ჩვენ ხშირად გვეკითხებან – როდის მორჩებით? ეს კითხვა იმთავითვე მცდარია. უნივერსიტეტის განვითარება არასდროს არ უნდა „რჩებოდეს“, არ უნდა მთავრდებოდეს. ჩვენი პარტნიორი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი 150 წლის წინ დაარსდა და ის დღესაც ვითარდება, ასეა უამრავ მსოფლიო უნივერსიტეტში. შესაბამისად ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე არის – ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ვაშენებთ, 2020 წელს ჩვენ მივიღებთ პირველ ნაკადს სტუდენტებს, და ამის შემდეგაც ფონდი ,,ქართუ“ გააგრძელებს ამ პროექტის მხარდაჭერას და განვითარებას“, – აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა პრეზენტაციაზე.
მან მადლობა გადაუხადა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის თანამშრომლებს, უცხოელ პარტნიორებს და ექსპერტებს, არქიტექტორებს, საპროექტო ჯგუფს, მშენებლებს და ყველას, ვინც ჩართულია პროექტის განხორციელებაში.
„ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე უნივერსიტეტი ვერ იფუნქციონირებს, მაგრამ ინფრასტრუქტურაზე გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს არამატერიალურ კომპონენტს, ვგულისხმობ ჩვენი უნივერსიტეტის პროგრამებს, რომელიც შეიქმნა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლები. დღესვე დაგეგმილია პანელური დისკუსია.