ტრადიციულად, ორშაბათს, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კვლავ უკან დაიხია, ამჯერად, ოთხი საფეხურით და TOP60-ის მიღმა აღმოჩნდა.
გასულ კვირას, ნიკამ ვერ შეძლო პარიზის “მასტერსზე” თამაში, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა.
რაც შეეხება ახალი რეიტინგის TOP10-ს, აქ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მაგალითად, პირველად შევიდა TOP3-ში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და მისთვის სარეკორდო მესამე ადგილზე იმყოფება. ასევე კარიერის რეკორდები დაამყარეს: დომინიკ ტიმმა (მე-4 ნომერი), გრიგორ დიმიტროვმა (6), დავიდ გოფენმა (8) და ჯეკ სოკმა (9), რომელმაც პარიზის “მასტერსზე” გაიმარჯვა.
და კიდევ: ტოპ-ათეულიდან გავარდნენ მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრები – სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბრიტანელი ენდი მარეი. ჯოკოვიჩი ახლა მე-12 ჩოგანია, მარეი – მე-16. ნოვაკი ბოლო 10 წელიწადში პირველად აღმოჩნდა TOP10-ის მიღმა, ენდი – ბოლო 9 წელიწადში პირველად.