ნიკოლას სენდროვიჩი - საქართველოს პროდუქციის ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, მოუთმენლად ველოდები, რომ ევროკავშირის მაღაზიების თაროებზე მეტი ქართული პროდუქცია ვნახო
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან ძლიერია და 30 წელზე მეტი ხნის მჭიდრო პარტნიორობას ეფუძნება, ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი და უდიდესი საერთაშორისო დონორია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ყველა პარტნიორს შორის საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთ უმაღლესი დონის დახმარებას იღებს.
„ამჟამად ჩვენ ყოველწლიურად საქართველოს მისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად 85 მილიონ ევრომდე საგრანტო სახსრებს ვაძლევთ. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განსახორციელებლად, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა უკვე მოახდინა საჯარო და კერძო ინვესტიციების სახით 1,9 მილიარდი ევროს მობილიზება ციფრული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების გასაძლიერებლად როგორც საქართველოში, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს, ადამიანებს ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით და ფიზიკურად აკავშირებს, საბოლოო ჯამში, საქართველოში ცხოვრების გასაუმჯობესებლად. უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ევროპის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით ასევე მილიონზე მეტმა ქართველმა ისარგებლა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წყალობით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის ზრდა გაგრძელდება, რადგან საქართველო თავის კანონმდებლობას, კანონებსა და სტანდარტებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან აახლოებს. ევროკავშირთან მეტი დაახლოებით, საქართველო ევროკავშირის მომავალზე ორიენტირებული კანონმდებლობისგან სარგებელს მიიღებს ბევრ სფეროში, როგორებიცაა ევროკავშირის მწვანე შეთანხმება, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ და მრავალი სხვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტიზის, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის საშუალებით“, – განაცხადა სენდროვიჩმა.
ამასთან, ნიკოლას სენდროვიჩის განცხადებით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროსთვის საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ მას საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ინტეგრირებისთვის მზადების პროცესში მეტი დაფინანსების მიღება შეუძლია.
„ზოგადად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები სოფლის მეურნეობის სფეროში მხარდაჭერას და შეღავათებს იღებენ, როგორც გაწევრიანებისწინა დახმარების ნაწილს. ასე რომ, საქართველომ, შესაძლოა, დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებსა და ევროკავშირის „ფერმიდან – ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან, რომელიც მწვანე შეთანხმების ფარგლებში შექმნილია, რათა სასურსათო სისტემები სამართლიანი, ჯანსაღი და მდგრადი გახდეს. საქართველოს ასევე შეუძლია, ბაზარზე სასარგებლო წვდომა მოიპოვოს. ახალი რეგულაციების შესრულების დაჩქარება, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მენეჯმენტის შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთაშორისო და ევროკავშირის ბაზრებზე წვდომას ხელს შეუწყობს. საქართველოს შეუძლია, ისარგებლოს სოფლის განვითარების ინიციატივებით, რადგან ევროკავშირი სოფლის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევს. როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ შეიძლება მიიღოს იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას და სოფლად ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა სენდროვიჩმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შესაბამისად, ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს მდგრადი მეურნეობის პრაქტიკას.
„გაწევრიანების პროცესმა უნდა წაახალისოს საქართველო, მიიღოს ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობიანი აგროეკოსისტემების განვითარებას, რაც სოფლის მიმზიდველობას შეინარჩუნებს, ფერმერებისთვის სამართლიან შემოსავალს და ასევე სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უფრო მეტიც, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ხშირად იღებენ მხარდაჭერას სასწავლო და შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამებისთვის, რომლებიც ფერმერების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და ამ სფეროში პოლიტიკის შემქმნელების უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამან, შეიძლება, სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციას და ეფექტიანობას ხელი შეუწყოს. ეს ყველაფერი საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოებას დაეხმარება. და თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პროდუქციის ხარისხს, მოუთმენლად ველოდები, რომ უფრო მეტი ეს პროდუქცია ევროკავშირის მაღაზიების თაროებზე დავინახო“, – განაცხადა სენდროვიჩმა.