სამხედრო გადატრიალება დამარცხებულია, – ამის შესახებ ვენესუელას ლიდერმა, ნიკოლას მადურომ სპეციალური გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, 30 აპრილს განვითარებულ მოვლენებში პასუხისმგებელი პირები დაკითხეს. ვენესუელას ლიდერმა აღნიშნა, რომ მომხდარი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. მან პროცესებში ჩართულ ყველა პირს დანებებისკენ მოუწოდა.
ნიკოლას მადუროს თქმით, შეთქმულები ვენესუელელ ხალხს შორის შეიარაღებული კონფრონტაციის დაწყებას ცდილობდნენ, რასაც შემდეგ უცხო ქვეყნის ინტერვენციისთვის გამოიყენებდნენ.
„ასე რომ, იმპერია საკუთარი კლანჭების ვენესუელასთვის შემოხვევას შეძლებდა“, – აღნიშნა ნიკოლას მადურომ გამოსვლის დროს.
მადუროს მტკიცებით, მეამბოხე სამხედრო მოსამსახურეების 80-მა პროცენტმა შუადღესვე მიატოვა ხუან გუაიდო და მასთან მხოლოდ 20 ადამიანისგან შემდგარი მცირე ჯგუფი დარჩა.
30 აპრილს განვითარებულ მოვლენებს ნიკოლას მადუროს განკარგულებით, სპეციალურად დანიშნული პროკურორი გამოიძიებს.
გამოსვლის დროს ნიკოლას მადურომ აღნიშნა, რომ ვენესუელა იმპერიალისტურ ძალებს არასდროს დანებდება და მისი მთავრობა გამარჯვებას მომავალშიც განაგრძობს.
ამის პარალელურად, ნიკოლას მადურომ სიტყვით გამოსვლის დროს, ბოლივარის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ახალ ხელმძღვანელად გუსტავო გონსალეს ლოპესი დანიშნა.
30 აპრილს განვითარებული მოვლენების შემდეგ ნიკოლას მადურო საჯაროდ პირველად აღნიშნული გამოსვლის დროს გამოჩნდა.
კარაკასში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ ავიაბაზაზე ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში გადასვლის შესახებ განაცხადა.
ვიდეოს გავრცელებიდან მალევე ავიაბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე და დედაქალაქის სხვა რაიონებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რასაც სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.