ნიკოლას მადურო რუსეთში მიემგზავრება, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ მან კარაკასში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სოჭში ვალდაის კლუბის სხდომის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი „ვენესუელას, ყაზახეთისა და ფილიპინების პრეზიდენტებთან შეხვედრებს გამართავს“.
ვენესუელაში იანვრის შემდეგ მწვავე პოლიტიკური კრიზისია. იანვრის ბოლოს ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და ნიკოლას მადუროს გადადგომა მოითხოვა. ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აშშ-მა, კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა და ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ, ასევე საქართველომ აღიარეს. ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი.