ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის, – ამის შესახებ ნიკოლას მადურომ კარაკასში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მადუროს თქმით, ვენესუელის მოსახლეობის წინააღმდეგ არსებულ უსამართლობას ხუან გუაიდოც უჭერს მხარს. მადურომ გუაიდოს მოღალატე უწოდა და მომხრეებს უთხრა, რომ სამართალი ადრე თუ გვიან, მაინც აღსრულდება.
ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელის წინააღმდეგ იმპერიალისტურ ბლოკადას დონალდ ტრამპის რასისტული მთავრობა ახორციელებს, თუმცა ქვეყანა პოლიტიკურად, მორალურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ემზადება და ბრძოლისთვის, გამარჯვებისთვის მზადაა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც იანვარში ეროვნული კრების თავმჯდომარემ, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ის დასავლური ქვეყნების უმრავლესობამ აღიარა. დასავლეთი არალეგიტიმურად მიიჩნევს გასულ წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც ნიკოლას მადურომ პრეზიდენტის პოსტი მეორე ვადით დაიკავა. ნიკოლას მადურო ამ დრომდე აკონტროლებს სახელმწიფო უწყებებსა და შეიარაღებულ ძალებს. მას მხარდაჭერას უცხადებენ მისი მოკავშირეები – რუსეთი, კუბა და ჩინეთი.