ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ გაგიჟებულ უმცირესობას დაამარცხებს
ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ გაგიჟებულ უმცირესობას დაამარცხებს

ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ გაგიჟებულ უმცირესობას დაამარცხებს. ამის შესახებ ვენესუელის არაღიარებულმა პრეზიდენტმა ჰუგო ჩავესის გარდაცვალების 6 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლის დროს ვენესუელის არაღიარებულმა პრეზიდენტმა საკუთარ მხარდამჭერებს 9 მარტს ანტი-იმპერიალისტური მარშის მოწყობისკენ მოუწოდა. როგორც უკვე ცნობილია, სწორედ ამ დღეს ვენესუელაში დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციების გამართვას გეგმავს.

ხუან გუაიდოს ლათინური ტურის და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პირველი სიტყვით გამოსვლის დროს ნიკოლას მადურომ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ვენესუელაში სამხედრო გადატრიალების მოწყობას ცდილობს.

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არსებულმა რთულმა ეკონომიკურმა ვითარებამ გამოიწვია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლათინური ამერიკის ქვეყანაში ჰიპერინფლაციას საკვების და სამედიცინო მედიკამენტების დეფიციტი მოჰყვა. შედეგად მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.