ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ არ აინტერესებს, რას ფიქრობს აშშ ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შესახებ
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ის არის 28 ივლისს გამართულ არჩევნებში გამარჯვებული და ამასთან დაკავშირებით აშშ-ის მთავრობის მოსაზრება არ აინტერესებს.
„გადაწყვეტილებას იღებს ვენესუელის ხალხი და არა აშშ-ის მთავრობა. გადაწყვეტილებას იღებს ამ ქვეყნის კონსტიტუცია, ვენესუელის ინსტიტუტები, ჩვენ, ვენესუელელები. არავინ უნდა ჩაერიოს, ისევე როგორც ჩვენ არ ვერევით არავის საქმეში“, – აღნიშნა მადურომ.
ცნობისთვის, ვენესუელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ივლისის ბოლოს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მადურომ ამომრჩეველთა 51%-ის მხარდაჭერა მიიღო. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ, მათ ხელთ არსებული სიების მიხედვით, გამარჯვებული ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალესია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დიდი რაოდენობით მტკიცებულებებით ვენესუელაში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებული ედმუნდო გონსალესია.
ვენესუელის მოქმედ პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს გამარჯვება რუსეთმა და ჩინეთმა მიულოცეს.
არჩევნების შემდეგ ვენესუელაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები იმართება. დაკავებულია 2 000 ადამიანი. 5 აგვისტოს ვენესუელის პროკურატურამ განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიება წამოიწყო. ბრალდების მიხედვით, ოპოზიციის წევრები პოლიციელებსა და სამხედროებს კანონის დარღვევისკენ მოუწოდებდნენ. მანამდე ვენესუელის ოპოზიციის ლიდერებმა გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიც სამხედროებს და სამართალდამცველებს ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდეს.
თავის მხრივ, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ ოპოზიციის მხარდამჭერების დევნის და დაკავების ოპერაცია წამოიწყო. მათი თქმით, სამართალდამცველები აქტივისტებს სახლში აკითხავენ. დაპატიმრებულებს შორის არიან არასრულწლოვანები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლებასაც არ აძლევენ.