„ეს სხვა სომხეთია. „რესპუბლიკური პარტია“ დღეს პოლიტიკური გვამია“, – ამ სიტყვებით სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში აქციაზე შეკრებილ მომიტინგეებს მიმართა. ფაშინიანმა ხვალ მთელს სომხეთში საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.
„ჩვენ არცერთი მილიმეტრით არ დავიხევთ უკან. ჩვენ უნდა ვიაროთ მხოლოდ წინ, თავისუფლებისკენ. „რესპუბლიკურ პარტიასთან“ მოლაპარაკება მხოლოდ მათ დაკრძალვაზე შეიძლება. სომხეთის რესპუბლიკაში თქვენ წინაშე ვერავინ დაიხევს“, – მიმართა ფაშინიანმა მომიტინგეებს.
სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა პოლიციას მოუწოდა, „გადადონ გვერდით ყველა ფორმალობა, დადონ ფარები და შეუერთდნენ მსვლელობას“.
„ხვალ მთელს რესპუბლიკაში საყოველთაო დაუმორჩილებლობას ვაცხადებ. მოგიწოდებთ, გადაკეტოთ ყველაფერი. როგორც ხალხის მიერ პრემიერის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი, დაუმორჩილებლობას ვაცხადებ. ჩვენ დამარცხებას არ ვაპირებთ, გამარჯვების გარდა სხვა გზა არ არის“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ამ წუთებში აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავს.
სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად არ აირჩია.
ფაშინიანის კანდიდატურას 45-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 55 წინააღმდეგი იყო. პრემიერის თანამდებობაზე ასარჩევად ფაშინიანს სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
განმეორებითი კენჭისყრა ერთ კვირაში უნდა გაიმართოს. თუ პრემიერის არჩევა მაშინაც ვერ მოხერხდება, 40-დღიან ვადაში პარლამენტის ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დღეს მხოლოდ ერთი, ნიკო ფაშინიანის კანდიდატურა იყო წარდგენილი. კანონმდებლობით შესაძლებელია, განმეორებითი კენჭისყრის დროს სხვა კანდიდატებიც დასახელდეს.