ნიკოლ ფაშინიანმა სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა.
საქართველოს პრეზიდენტისადმი წერილში ნათქვამია: „თქვენო აღმატებულებავ, გულითადად გილოცავთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ამ დღეს ქართველმა ხალხმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობის აღდგენისკენ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ასაშენებლად და დღესაც თავდაჯერებულად აგრძელებს გზას.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ვიმედოვნებ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაგრძელდება და განვითარდება ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია მისალოც გზავნილში.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი წერილში აღნიშნულია: „თქვენო აღმატებულებავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 105 წლისთავს. გზა სახელმწიფოებრიობისაკენ ყოველთვის არ იყო გლუვი, მაგრამ სომეხმა და ქართველმა ხალხებმა, თანმიმდევრული ბრძოლის წყალობით, დაადასტურეს თავიანთი უფლება დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და დღეს თავიანთი მისწრაფებების ერთგული რჩებიან, აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფო მშენებლობის საკითხში.
დარწმუნებული ვარ, არსებული თანამშრომლობის პოტენციალი და ორი მეგობარი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების მონდომება გააგრძელებს ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას და ახალ ბიძგს მისცემს სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას. ძალიან ვაფასებ მეგობარი საქართველოს მიღწევებს. გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია და ასე დარჩება. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ შრომას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია მისალოც წერილში.