ნიკოლ ფაშინიანმა ოფიციალური ბაქოსთვის რუკების გადაცემის საკითხზე ისაუბრა
სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის რეგიონის აღმოსავლეთ საზღვრებთან ომის მიმდინარეობისას დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკის მნიშვნელოვანი, მაგრამ მცირე ნაწილი გადასცა. აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, კოტაიქის რეგიონის ქალაქ ეგვარდში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გუშინ სომხური საზოგადოება აღაფრთოვანა ჩვენი 15 ძმის სამშობლოში დაბრუნებამ, ხოლო ოპოზიციას ამის გამო გლოვა ჰქონდა გამოცხადებული. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ იმედოვნებდნენ ტყვეები არ დაბრუნდებოდნენ. მე გუშინვე განვაცხადე, რომ აზერბაიჯანს გადაეცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერ კიდევ მცირე ნაწილი“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
ამასთან, ფაშინიანის თქმით, დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკების გაცვლა 2020 წლის დეკემბრიდან ხორციელდებოდა.
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.