ნიკოლ ფაშინიანმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„სომხეთსა და მოძმე ირანს შორის თბილი ურთიერთობების მუდმივ გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის კონტექსტში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, როგორც სომხეთის მთავრობის პრესსამსახური წერს, მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, რიგი ახალი პროექტების განხორციელება დაიწყება.
ირანში 5 ივლისს ჩატარებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად გამარჯვება მასუდ პეზეშკიანმა მოიპოვა.
ირანში ვადამდელი არჩევნები ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო გაიმართა.