ნიკოლ ფაშინიანის მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მათ რიგებს რამდენიმე ოპოზიციური პარტიაც შეუერთდა
ნიკოლ ფაშინიანის მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მათ რიგებს რამდენიმე ოპოზიციური პარტიაც შეუერთდა

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორის, დეპუტატ ნიკოლ ფაშინიანის მოძრაობის წევრების განცხადებით, მათ რამდენიმე ოპოზიციური პარტია შეუერთდა.

როგორც ერევანში აქციაზე მყოფი  მოძრაობა „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრები ამბობენ, მათ რიგებს უკვე შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიები – „აყვავებული სომხეთი“, „მემკვიდრეობა“, „რესპუბლიკა“, „განათლებული სომხეთი“, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ და „სომხეთის ნაციონალური კონგრესი“.

„ჩვენმა რევოლუციამ გაიმარჯვა და ეს უნდა გააცნობიეროს მმართველმა პარტიამ, რომელიც მარტო დარჩა და ქვეყანაში სიტუაციას ვერ აკონტროლებს “ – განაცხადა მოძრაობა „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრმა ალენ სიმონიანმა.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ყოფილი პრემიერის, სერჟ სარგსიანის ადგილზე მათი კანდიდატის დანიშვნას, დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას, საარჩევნო კოდექსის შეცვლას და ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აღნიშნული მოთხოვნების შესრულებამდე ფაშინიანის თქმით, საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები სომხეთში გაგრძელდება.