ნიკოლ ფაშინიანი - ზოგიერთი ანალიზი გვიჩვენებს, რომ სომხეთში „კოვიდ-19“-ით 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში შესაძლოა, უკვე 100 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული იყოს. ამის შესახებ ფაშინიანმა საკუთარი ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში განაცხადა.
„ზოგიერთი ანალიზი გვიჩვენებს, რომ სომხეთში ახლა „კოვიდ-19“-ით 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ამ დასკვნამდე მივედით ლეტალური შედეგებისა და ინფიცირებულთა დადგენილი რიცხვიდან გამომდინარე“,- წერს ფაშინიანი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების 67 პროცენტი ქალია. მისივე თქმით, გარდაცვლილთა შორის 58 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 42 პროცენტი ქალი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ-19“-ის 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა ათი ადამიანი. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 13,130 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 200 ფატალური.