ნიკოლ ფაშინიანი - ვიდრე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის, ომი ძალიან სავარაუდოა
ვიდრე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის და ასევე რატიფიცირებული ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ, ომი ძალიან სავარაუდოა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში გენოციდის განხორციელებაში და იქ „გეტოს“ შექმნაში დაადანაშაულა.
„ამას ემატება აზერბაიჯანის აშკარა აგრესიული რიტორიკა, სიძულვილის ენა, დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება, სადაც ვხედავთ, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელიც ჩვენ ვივარაუდეთ, არ არსებობს. ახალი ესკალაციები, ახალი ომები ყოველთვის შესაძლებელია, რაც არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება. ეს ასევე არ ნიშნავს, რომ ეს არ მოხდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ფაქტობრივად ყოველდღე ხდება“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დღეს შუშას გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა, რომ სომხეთი ახლა თანდათან ხდება მეტოქეობის ზონა, რამაც შეიძლება, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მისი თქმით, არა მარტო რუსები და ამერიკელები, არამედ სხვა ქვეყნებიც აქტიურად ერევიან სიტუაციაში.
„ვფიქრობ, სომხეთის მთავრობას არ აქვს მკაფიო საგარეო პოლიტიკური სტრატეგია. ყარაბაღის მეორე ომამდე ჰქონდათ. ახლა ვხედავთ, რომ მათ ეს არ აქვთ, რამაც შეიძლება, სერიოზული პრობლემები შეუქმნას მათ“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.