ნიკოლ ფაშინიანი - უკვე ერთი კვირაა, სომეხი ხალხი არცახსა და სომხეთში წინააღმდეგობას უწევს აზერბაიჯანულ-თურქულ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის მასშტაბი უპრეცედენტოა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას მიმართავს.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, მოწინააღმდეგე მხარე ასობით ტანკსა და ჯავშანტრანსპორტიორს, ათასობით ჭურვსა და რაკეტას, ათობით თვითმფრინავს, ასობით უპილოტო საფრენ აპარატს, ათობით ათას სამხედროს იყენებს.
„უკვე პრაქტიკულად ერთი კვირაა, სომეხი ხალხი არცახსა და სომხეთში წინააღმდეგობას უწევს აზერბაიჯანულ-თურქულ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის მასშტაბი უპრეცედენტოა.
ჩვენი სამხედროების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში, აზერბაიჯანული არმიის დანაყოფების გარდა, ჩართულები არიან დაქირავებული სირიელი მებრძოლები და ტერორისტები, ასევე თურქეთის არმიის სპეცრაზმელები. ჩვენი მონაცემებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა რგოლის სამეთაურო პუნქტებზე იმყოფება და სამხედრო მოქმედებებს მეთაურობს თურქეთის არმიის 150-მდე სამხედრო მაღალჩინოსანი. ეს აღწერა თავისთავად უნდა მეტყველებდეს, თუ რა მძიმე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ფრონტის წინა ხაზზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის სომხეთს მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ჰყავს როგორც სამხედროებს, ისე სამოქალაქო მოსახლეობას შორის.
სომხეთის პრემიერის განცხადებით, მწყობრიდან გამოყვანილია დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა, თუმცა მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტა.
მისი მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარეს განადგურებულია ასობით ერთეული ჯავშანტექნიკა, ათობით თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ფაშინიანის თქმით, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დანაკარგი რამდენიმე ათასს შეადგენს.
მიმართვაში ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ამჟამად აქტიური საბრძოლო მოქმედებები ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე გრძელდება, ზოგან სომხეთის ძალები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, ზოგან კი ვითარებას თავდაჯერებულად აკონტროლებენ.
მისი განცხადებით, სომხეთი მრავალ ათასწლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადი.
„ისინი მოვიდნენ არა მხოლოდ იმისთვის, რომ დაიპყრონ ტერიტორიები, სოფლები და ქალაქები, მათ სამიზნეს ასევე სომხები წარმოადგენენ, მათი მიზანი სომეხთა გენოციდის პოლიტიკის გაგრძელებაა“, – აღინიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, მას მტკიცედ სჯერა, რომ სომხეთი გამარჯვებას მიაღწევს.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაცია განახორციელა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.