ნიკოლ ფაშინიანი - უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება
უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, „სომხების გამოსვლა ყარაბაღიდან გრძელდება აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შედეგად“.
„ანალიზი აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება. ეს არის ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს ჩამორთმევის პირდაპირი აქტი, რაზეც დიდი ხანია, ვესაუბრებით საერთაშორისო საზოგადოებას. მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშის განცხადებები, რომლებიც გმობენ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას, მაგრამ თუ მათ არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, მაშინ ისინი განიხილება მხოლოდ მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად ისტორიისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
არსებული მონაცემებით, ყარაბაღი უკვე 65 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.