ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში ბევრი ადამიანია, რომელიც ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას, ეს ჩვენი, ყველას შეცდომაა, არ არის საჭირო, აიძულოთ მთავრობა, ძალა და ხელკეტები გამოიყენოს
არ არის საჭირო, აიძულოთ მთავრობა, ძალა და ხელკეტები გამოიყენოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ მიმართვაში განაცხადა.
„რადგან პრემიერ მინისტრი ვარ, სპეცრაზმი უნდა გამოვიყვანო და ხალხი უნდა ვცემო, რომ წესრიგი დამყარდეს“? – ამბობს ფაშიანიანი მიმართვაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ექიმების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რადგან კორონავირუსთან ბრძოლაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ყველამ უნდა გააკეთოს არჩევანი, რა სურთ – ხელი შეუწყონ ეპიდემიის შეჩერებას თუ პირიქით, გავრცელებას. სომხეთში ბევრი ადამიანია, რომელიც ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას და ეს ჩვენი, ყველას შეცდომაა, ჩემით დაწყებული და ათასობით სხვა ადამიანით დასრულებული. ვიმეორებ, არ არის საჭირო, აიძულოთ მთავრობა, ძალა და ხელკეტები გამოიყენოს“, – აცხადებს ფაშინიანი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით მოსახლეობას მიმართა, გაუგზავნონ წესრიგის დარღვევის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. პრემიერი აღნიშნულ მასალას შემდეგ „ფეისბუქზე“ აქვეყნებს. ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, ქვეყანაში კომენდანტის საათი დაწესდება.