ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებების შედეგად სომხეთის მხარეს გარდაცვლილია 135 ადამიანი, თუმცა ეს რიცხვი საბოლოო არ არის
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებების შედეგად სომხეთის მხარეს გარდაცვლილია 135 ადამიანი, თუმცა ეს რიცხვი საბოლოო არ არის

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებების შედეგად სომხეთის მხარეს გარდაცვლილია 135 ადამიანი, თუმცა ეს რიცხვი საბოლოო არ არის. როგორც სომხური გამოცემა „ნიუს ამი“ წერს, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი დადასტურებული მსხვერპლთა რაოდენობა 135-ს შეადგენს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის. ბევრი დაშავებულია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამჟამად ოპერატიული სიტუაცია ფასდება, როგორც შედარებით მშვიდი.

„გასული ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არსებითად დაცული იყო. შემიძლია აღვნიშნო, რომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მათ წინაშე დასახული ამოცანის შესრულება“, – განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებების შედეგად 71 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის გასწვრივ შეტაკებები მოხდა. მხარეები დაძაბულობის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.