ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი დოკუმენტი არ გაფორმებულა და არც გაფორმდება
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი დოკუმენტი არ გაფორმებულა და არც გაფორმდება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ეს არის ინფორმაციული დივერსია, რომელიც მიმართულია არამეგობრული გარე ძალების მიერ ქვეყნის წინააღმდეგობის გატეხვის მიზნით“, – წერს სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.
დღეს ეროვნულ ასამბლეაში ფაშინიანმა განაცხადა, რომ მშვიდობის სახელით რთული გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებლობას იღებს.
„ჩვენ გვინდა, ხელი მოვაწეროთ ფურცელს, რის შედეგადაც გაგვაკრიტიკებენ, გაგვლანძღავენ, მოღალატეებს დაგვიძახებენ, ხალხმა შეიძლება გადაწყვიტოს ჩვენი გადაყენებაც კი. ჩვენ მადლობელი ვიქნებით, თუ შედეგად, სომხეთის რესპუბლიკა 29 800 კვადრატული კილომეტრით მიიღებს მუდმივ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ხელს მოვაწერ გადაწყვეტას, რომელიც ამას უზრუნველყოფს. და მე არ მაინტერესებს რა დამემართება, მე მაინტერესებს, რა მოუვა სომხეთის რესპუბლიკას“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.