ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთმა აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა შესთავაზა, თუ აღმოჩნდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება
სომხეთმა აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა შესთავაზა, თუ აღმოჩნდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკის არმიის დაარსებიდან 32 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერევნის ინიციატივაა ასევე აზერბაიჯანთან საზღვრის დემილიტარიზაცია, იარაღის კონტროლის ორმხრივი მექანიზმის შექმნა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა სტრატეგიული უსაფრთხოების შეხედულებებს უნდა გადახედოს.
„აუცილებელია, პირდაპირ, ხმამაღლა ვაღიაროთ, რომ ჩვენში დამკვიდრებული იდეები უსაფრთხოების სისტემებისა და მათი ფუნქციონირების ფორმულების შესახებ სასტიკი ხუმრობით გვეთამაშა და სომხეთის რესპუბლიკას სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა ურთიერთობების დივერსიფიკაციისა უსაფრთხოების სფეროში, ჩვენ მივყვებით ამ გზას. ჩვენ ვიმყოფებით ახალი და თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის შეძენის გზაზე. ბოლო წლებში მთავრობამ გააფორმა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები იარაღისა და საბრძოლო მასალის შესყიდვაზე. არმიის რეფორმირება, ძლიერი და საბრძოლო მზადყოფნის მქონე ჯარის ყოლა ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ერევანს არ აქვს და არ ექნება პრეტენზია სხვა ტერიტორიებზე და ეს უნდა გახდეს ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიული საფუძველი.