ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი ნატო-სკენ არ ისწრაფვის, თუმცა აგრძელებს მასთან თანამშრომლობას
სომხეთი ნატო-სკენ არ ისწრაფვის, თუმცა აგრძელებს მასთან თანამშრომლობას, – ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვრცლად ისაუბრა მისი ქვეყნის ნატო-სთან, ევროკავშირთან და რუსეთთან თანამშრომლობაზე და განაცხადა, რომ პარტნიორულ ურთიერთობებს სამივე მათგანთან გააგრძელებს.
„ჩვენ გვაქვს ნატო-სთან კარგი და დიდხნიანი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია სამშვიდობო მისიებთან, მათ შორის კოსოვოში, ავღანეთში და ა.შ. ჩვენ განვაგრძობთ ამ თანამშრომლობას. თუმცა, ჩვენ არ მივისწრაფვით ნატო-ში. სომხეთს ასევე მნიშვნელოვანი და კარგი ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან. ჩვენ ვართ ეკონომიკური გაერთიანების წევრებიც, თუმცა ჩვენ მნიშვნელოვანი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს რუსეთთანაც და ვფიქრობ, რომ პარტნიორული ურთიერთობები სამივე მათგანთან უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ, სომხებს გვსურს მშვიდობა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა მხარესთან თანამშრომლობა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.