ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზადაა ტვირთების, მგზავრების გადაყვანის ორგანიზებისთვის, ეს არის უმოკლესი გზა შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის ირანის, სომხეთისა და საქართველოს გავლით
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზადაა ტვირთების, მგზავრების გადაყვანის ორგანიზებისთვის, ეს არის უმოკლესი გზა შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის ირანის, სომხეთისა და საქართველოს გავლით

სომხეთი მზადაა და დაინტერესებულია მანქანების, ტვირთების, მგზავრების გადაყვანის ორგანიზებით, ეს არის უმოკლესი გზა შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის ირანის, სომხეთისა და საქართველოს გავლით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ბრიქსის“ სამიტზე განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ეს არის ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულება.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის გეგმა – „მშვიდობის გზაჯვარედინი“ ასევე გულისხმობს უმოკლეს გზას კასპიისა და მარმარილოს ზღვებს შორის აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის ტერიტორიებით, რაც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულება. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამ მარშრუტის გამოყენება შესაძლებელია აზერბაიჯანს და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო კავშირისთვის.

„ამ მიდგომის გათვალისწინებით, ჩვენ აზერბაიჯანს შევთავაზეთ გამარტივებული სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის პროცედურების მექანიზმები, ასევე უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველყოფა ორივე ქვეყნის იურისდიქციისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემის გათვალისწინებით. სომხეთს შეუძლია, სრულად უზრუნველყოს საქონლის, რესურსების, სატრანსპორტო საშუალებების და ადამიანების გავლის უსაფრთხოება თავის ტერიტორიაზე. ყველა განცხადება, რომ სომხეთი რაიმე ფორმით თითქოსდა თანხმდებოდა იმ ფაქტზე, რომ ნებისმიერი მესამე ქვეყანა უზრუნველყოფს კომუნიკაციების უსაფრთხოებას სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე ან ეს რაიმე ფორმით არის გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტში, არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.