ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზად არის, წლის ბოლომდე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს
სომხეთი მზად არის, წლის ბოლომდე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სატრანსპორტო კომუნიკაციებთან დაკავშირებით, ზემოთაღნიშნული პრინციპების დაცვით, მათ შორის ურთიერთგაგების პრინციპის, ჩვენ მზად ვართ წავიდეთ, პროცედურების გამარტივებაზე, მზად ვართ, უზრუნველვყოთ, აზერბაიჯანის მოქალაქეებისა და ტვირთების ჩვენს ტერიტორიაზე ტრანზიტის უსაფრთხოება. ჩვენ მზად ვართ 1991 წლის საზღვრის ხაზიდან ძალების სარკისებრი გაყვანისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანს არ ეყოლება ჯარები სომხეთის ტერიტორიის არც ერთ მონაკვეთზე და სომხეთს – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ჩვენ მზად ვართ ურთიერთგაგების პრინციპით ვიმუშაოთ ასევე ე.წ. ანკლავების საკითხზე. ბოლოს, ჩვენ მზად ვართ, წლის ბოლომდე აზერბაიჯანთან ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას მშვიდობისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან გრანადაში შეხვედრაში მონაწილეობაზე უარის თქმა, ამოცანას არ ამსუბუქებს.
„თუმცა სხვა მხრივ, როგორც ევროპული პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენ გვაქვს შეთანხმება მიმდინარე წლის განმავლობაში ბრიუსელში სამმხრივი შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით და თუ ზემოთაღნიშნული პრინციპები იქნება ოფიციალურად დადასტურებული, მაშინ, წლის ბოლომდე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ძალიან რეალისტური გახდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.