ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანის საზღვრიდან გაიყვანოს ჯარები 1991 წლის მონაცემების შესაბამისად
სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანის საზღვრიდან გაიყვანოს ჯარები 1991 წლის მონაცემების შესაბამისად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერევანი გაიყვანს ჯარებს ამ მონაკვეთზე, თუ აზერბაიჯანიც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საუბარია სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის საზღვარზე, რომელიც გადაკეთდა სახელმწიფო საზღვრად 1991 წლის 21 დეკემბრის ალმათის დეკლარაციის შესაბამისად.
„ამასთან, უნდა განვაცხადო, რომ აზერბაიჯანის ქმედებები არის პროვოკაციული და ეწინააღმდეგება 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში და 2022 წლის 31 ოქტომბერს სოჭის შეხვედრებზე მიღებულ განცხადებებს. საზღვარზე არსებული ვითარების პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ მანამდე გავრცელებული გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს 1991 წლის საზღვარს. ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ 2021 წლიდან და ეს ქმედება გამომდინარეობს პრაღისა და სოჭის სამმხრივი შეთანხმებების ლოგიკიდან“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.