ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პრინციპის ერთგულია
სომხეთი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პრინციპის ერთგულია და მზად არის, სამშვიდობო პროცესის გასაახლებლად ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადებების შესაბამისად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
სომხეთის პრემიერმა ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომის მონაწილეებს მიმდინარე კონფლიქტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, ხოლო კონფლიქტში თურქეთის აქტიური ჩართულობა დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს.
„ჩვენ სერიოზული გამოწვევის წინაშე ვართ. ჩვენი ქალაქები და სოფლები მუდმივი სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა. სამიზნეშია მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო მოსახლეობა, უამრავი მოკლული და დაჭრილია. სერიოზული ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას, დანგრეულია საცხოვრებელი შენობები. განსაკუთრებით დაზიანდა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. ჩვენი ერის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს არა მხოლოდ აზერბაიჯანული არმია თურქი სამხედრო სპეციალისტების ხელმძღვანელობით, არამედ ასევე ჩართულნი არიან თურქეთის მიერ დაქირავებული მებრძოლები სირიიდან. ეს ფაქტი დადასტურებულია ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ხელმძღვანელთა ოფიციალური განცხადებებით, ასევე მრავალი პუბლიკაციით ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემებში. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თურქეთის აქტიური მოქმედებები, რაც ქმნის ვითარების სრული დესტაბილიზაციის საფრთხეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ძალისხმევის მიუხედავად, ჩვენმა მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო ვერანაირი არსებითი შედეგის მიღწევა. ჩვენი ერი ერთიანია როგორც არასდროს და მზად არის, მტკიცედ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ჩვენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პრინციპის ერთგულები ვართ და მზად ვართ, სამშვიდობო პროცესის გასაახლებლად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, პრეზიდენტებისა და მინისტრების მიერ გაკეთებული განცხადებების შესაბამისად“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.