ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი აზერბაიჯანს ექსკლავებისა და ანკლავების საკითხების მოგვარებას სთავაზობს
სომხეთი აზერბაიჯანს ექსკლავებისა და ანკლავების საკითხების მოგვარებას სთავაზობს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.
„ექსკლავი არწვაშენი, რომელიც სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილია, 30 წელზე მეტია, აზერბაიჯანული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, უკიდურესად საეჭვოა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოხსენიება აზერბაიჯანში ოფიციალურ დონეზე დაიწყო „დასავლეთ აზერბაიჯანის“ სახელწოდებით, უფრო მეტიც, სომხეთი ასეა წარმოდგენილი სკოლებში, უნივერსიტეტებსა და აზერბაიჯანულ მედიაში.
„როგორც ჩანს, ეს არის მზადება სომხეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის მოსაწყობად. ეს ასევე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.