ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს ბაქოს მიერ წინასწარ დაგეგმილად აფასებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს ბაქოს მიერ წინასწარ დაგეგმილად აფასებს.
„აზერბაიჯანის ხელისუფლების ბოლოდროინდელი აგრესიული განცხადებები, ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო სწავლება თურქეთთან, ისევე როგორც ეუთო-სა და მოქმედი თავმდჯომარის პირადი წარმომადგენლის მონიტორინგზე მოთხოვნების უარყოფა მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ ეს აგრესია იყო წინასწარ დაგეგმილი და მოიცავს ფართომასშტაბიან პროვოკაციას რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.