ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ნამდვილად მუდმივ კონტაქტში ვართ, ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ტელეფონით ვსაუბრობთ. ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან მდიდარია, დაწყებული ეკონომიკით, დასრულებული კულტურითა და განათლებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.
აქვე, მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა, მხარეები მჭიდროდ თანამშრომლობენ „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში“, ასევე დსთ-სა და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ფარგლებში.
ფაშინიანის თქმით, „რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ მთიანი ყარაბაღის რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებას“.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია, მოიძებნოს მექანიზმები „რუსული სამშვიდობო კონტიგენტის ეფექტურობის გასაზრდელად“.
„ჩვენი რეგიონის მთავარი საკითხი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაა. ამაზე დღესაც ვისაუბრებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა რჩება.
„უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ყარაბაღთან დაკავშირებული, ასევე ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება. ბევრი პრობლემაა, გეთანხმებით. მე და თქვენ მუდმივად ვკონტაქტობთ, ყოველ ათ დღეში ერთხელ აუცილებლად ვსაუბრობთ ტელეფონზე და შეხვედრები რეგულარულია“, – აღნიშნა პუტინმა.