ნიკოლ ფაშინიანი - რეგიონში მშვიდობა ნიშნავს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარებას
რეგიონში მშვიდობა ნიშნავს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარებას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერევანი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს ელოდება აზერბაიჯანისგან, სომხეთის სსრ-ს მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებას.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის ბრალდებები, რომ სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესში სომხეთმა უარი თქვა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, რეალობას არ შეესაბამება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანთან და საქართველოსთან საჭიროა ურთიერთობების გაღრმავება. ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-თურქეთის საზღვრის მალე გახსნის იმედი გამოთქვა.
„უნდა აღვნიშნო ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ხალხის წინაშე, ვისაც სჯერა სომხეთის მომავლის. ასევე უნდა აღვნიშნო ჩვენი პასუხისმგებლობა ყველას წინაშე, ვისაც ეჭვი ეპარება ამ მომავალთან დაკავშირებით. ამ პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ პერიოდში შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი გამოვლინება – მშვიდობა, რაც ნიშნავს ოთხივე მეზობელთან ურთიერთობის ნორმალიზებას. ამ კითხვას ორი მხარე აქვს. ჯერ ერთი, მშვიდობა მარტო არ შენდება. მნიშვნელოვანია, რამდენად იქნება მშვიდობისკენ მიმართული აზერბაიჯანის ქმედებები და პოლიტიკა; მეორეც, განსაკუთრებით 44-დღიანი ომის შემდეგ, კომპრომისები თუ მიღწეული იქნება, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რამდენად მისაღები იქნება ისინი სომხეთის მოქალაქეებისთვის და რამდენად დაუშვებენ ისინი იმავე კომპრომისების მტკივნეულ განხორციელებას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.