ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
„ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლისას, განვაცხადე, რომ სომხეთი მზადაა, იყოს ევროკავშირთან, რამდენადაც ევროკავშირი ჩათვლის შესაძლებლად. რომ ვფიქრობდე, სომხეთის მოსახლეობა არ იზიარებს ამ აზრს, ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. რა არის ახლა ამოცანა? ჩავატაროთ რეფერენდუმი ხალხის აზრის გასარკვევად? უკაცრავად, როგორც ოფიციალური პირი, რომელიც უფლებამოსილია, წარმოადგინოს სომეხი ხალხის აზრი, მე ვიცი სომეხი ხალხის აზრი“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ რეფერენდუმი ჩატარდება, მაშინ კამპანია უნდა გაიმართოს.
„ამ შემთხვევაში, ხალხი დაგვისვამს კითხვებს: როგორ, როდის, რა ნაბიჯებით? სურს თუ არა ევროკავშირს ეს? ისინი მეტყვიან: თქვენ განაცხადეთ, რომ სომხეთი მზად არის მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს. ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს? ახლა ისმის კითხვა: რამდენად არის ევროკავშირი მზად ამისთვის? დღეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია“, – განაცხადა ფაშინიანმა.