ნიკოლ ფაშინიანი - ქართველი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენს ურთიერთობებში ერთმანეთის წინააღმდეგ არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება
საქართველო და ქართველი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენს ურთიერთობებში არანაირი მუქარა და ერთმანეთის წინააღმდეგ არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ახალქალაქის კულტურის სახლში განაცხადა, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად იმყოფებოდა.
„ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია პრემიერ-მინისტრის რანგში. დღეს მე საქარველოში ვარ საქართველოს სახელმწიფოსთვის სოლიდარობისა და სიყვარულის გამოსახატად. პრემიერთან და პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ. მიმაჩნია, რომ დოკუმენტებზე და ხელშეკრულებებზე მნიშვნელოვანი ის მზერაა, რომლითაც შევხედავთ ერთმანეთს. მინდოდა, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩემს მზერაში წაეკითხათ ის, რომ მინდა სიყვარული და სოლიდარობა მეზობელ-მეგობარ საქართველოში. შეხვედრებისას ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენს ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ახალი ფორმულა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენს ურთიერთობებში არანაირი მუქარა და ერთმანეთის წინააღმდეგ არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება. იგივე უნდა იცოდეს სომეხმა ხალხმა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან არანაირი უარყოფითი მუხტი არ არსებობს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას, რომ ქართველი ხალხის სიძლიერე სომეხი ხალხის სიძლიერეა.
„საკეთებელი ბევრია, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ორი სახელმწიფო. ვიზიტმა დამარწმუნა, რომ საქართველოში მეგობარი მთავრობაა, რომელიც ძალისხმევას არ დაიშურებს, მხარი დაუჭიროს სომხეთს. იგივე შეიძლება ვთქვა სომხეთზე, რომელიც გამოხატავს თავის მზაობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სიძლიერეს. კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს. ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, სომხეთიდან გასული მოქალაქეების დაბრუნება. ვფიქრობ, ამ პრიორიტეტში ჩვენ და საქართველო ერთ აზრზე ვართ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია არამხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს გამარჯვებაცაა.
„დარწმუნებული ვარ, რომ სომეხი ხალხი ააყვავებს ნებისმიერ კუთხეს. მჯერა, რომ ჯავახეთში მცხოვრები სომხები დიდი ენთუზიაზმით მოეკიდებიან საქართველოს აღმშენებლობის საქმეს და ააყვავებენ საქართველოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ხალხი გავაბედნიეროთ. გაუმარჯოს თავისუფლებას და სომხურ- ქართულ მეგობრობას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ჯავახეთში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფოკაში, განძაში, სათხაში და ნინოწმინდაში ადგილობრივებთან გამართა. ნიკოლ ფაშინიანმა შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოში წარმატებული შეხვედრები გამართა, რაც სომხეთის პრემიერის თქმით, ქართულ–სომხურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან სომხეთის პრემიერი ახალქალაქში გაემგზავრა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ერთობლივი შეხვედრა გამართა როგორც ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე მოსახლეობასთან. მიხეილ ჯანელიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება.