ნიკოლ ფაშინიანი - ოფიციალური ბაქო უარს ამბობს, გახსნას დერეფანი სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთის რკინიგზის დასაწყებად
ნიკოლ ფაშინიანი - ოფიციალური ბაქო უარს ამბობს, გახსნას დერეფანი სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთის რკინიგზის დასაწყებად

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალურ ბაქოს მთიანი ყარაბაღის რეგიონსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი სამხედრო შეტაკებების განზრახვა აქვს.

„სომხეთი მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადაა, მაგრამ აზერბაიჯანმა ამ მზადყოფნის საპასუხოდ, არანაირი რეაგირება არ მოახდინა და არაოფიციალური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ბაქო გეგმავს ახალი სამხედრო შეტაკებების პროვოცირებას მთიანი ყარაბაღის რეგიონსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე“, – განაცხადა ფაშინიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ამ განზრახვის გამოხატულებაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნახჭევანის მონაკვეთზე ვითარების გამწვავება. ფაშინიანმა აქვე დაამატა, რომ ეს ინციდენტები საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყების საშუალებას არ იძლევა და მან ოფიციალური ბაქო სომეხი დაკავებულების დაბრუნების თაობაზე შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა.

გარდა ამისა, ფაშინიანის თქმით, ოფიციალური ბაქო 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების საპირისპიროდ, რომელიც ყველა სახის სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გახსნას ითვალისწინებს, უარს ამბობს სომხეთისთვის დერეფნის გახსნაზე, სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთის რკინიგზის დასაწყებად.